მისამართი: ქუჩიშვილის N12, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

საკრუიზო გემებს საიდუმლო საპატიმროები აქვთ: რა ემართებათ მგზავრებს, რომლებიც იქ ხვდებიან?

საკრუიზო გემით მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მიმართულებებში მოგზაურობა ფუფუნებასა და სასიამოვნო დასვენებასთან ასოცირდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მგზავრი ან ეკიპაჟის წევრი გემზე ყოფნისას კანონს არღვევს?

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჯავშნის კრუიზს, რაც მოგზაურობის ამ ფორმას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არჩევანად აქცევს. კრუიზი არა მხოლოდ სხვადასხვა მიმართულების, იქნება ეს ხმელთაშუა ზღვა თუ კარიბის კუნძულები, მარტივად მონახულების შესაძლებლობას გაძლევთ, არამედ თავად საკრუიზო გემებიც უამრავ გასართობსა და მომსახურებას გთავაზობთ.

რესტორნები, ბარები, საცურაო აუზები, სპა, ფიტნესცენტრები, მაღაზიები, კინოთეატრები, თეატრები და ყინულის მოედნებიც კი – პრაქტიკულად ყველაფერი, რაც შეიძლება მოგზაურობისას დაგჭირდეთ, თანამედროვე საკრუიზო გემებზე დაგხვდებათ.

საკრუიზო გემებზე შეგიძლიათ აირჩიოთ აივნიანი კაბინები და ლუქსები, საიდანაც დილის ყავის თანხლებით სანაპიროს ულამაზესი ხედებით დატკბებით, საღამოს კი ჰორიზონტზე მზის ჩასვლას მიადევნებთ თვალს.

თუმცა, ამ მდიდრული, „ყველაფრისმომცველი“ ტიპის მცურავი კურორტების გლამურული სამყაროს მიღმა, გაცილებით ბნელი მხარეც იმალება, რომლის არსებობის შესახებ მგზავრების უმეტესობამ საერთოდ არაფერი იცის. საკრუიზო გემებზე სპეციალური საპატიმრო სივრცეც არსებობს, რომელსაც „brig“ ან „holding cell“, ანუ დროებითი დაკავების საკანი ეწოდება.

ზოგჯერ ხმაურიანი წვეულებები ალკოჰოლის ფონზე ჩხუბში ან თავდასხმაშიც კი გადაიზრდება. მგზავრები, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობენ, კრუიზის დარჩენილ დროს უფანჯრო ოთახში ატარებენ, ვიდრე გემი ნავსადგურში შევა და მათი ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა გახდება შესაძლებელი.

როგორც წესი, ეს არის პატარა ოთახი გემის ქვედა გემბანზე, უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან ახლოს და სხვა მგზავრებისგან მოშორებით. ამ სივრცეში დროებით ათავსებენ მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც კანონი ან გემზე მოქმედი წესები დაარღვიეს.

მიუხედავად იმისა, რომ „brig“-ს ხშირად გემის საპატიმროდ მოიხსენიებენ, ის ხანგრძლივი პატიმრობისთვის არ არის განკუთვნილი და მხოლოდ დროებითი მოსათავსებელია. როგორც წესი, დაკავებული იქ რამდენიმე საათს ან ერთ ღამეს ატარებს. ასეთი სივრცის არსებობა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზომაა, რომელიც გემზე მყოფი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის დაცვას უზრუნველყოფს.

ამასთან, სხვა მგზავრებმა შესაძლოა გემზე მომხდარი სამართალდარღვევების შესახებ საერთოდ ვერაფერი გაიგონ. დროებითი დაკავების საკნები კი საკრუიზო გემის კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესების მხოლოდ ერთი ნაწილია.