როგორ ავირიდოთ თავიდან ხალხმრავლობა ევროპის დატვირთულ პორტებში
მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები, მათ შორის რომი და ბარსელონა ევროპაში, ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს მასპინძლობს. მოგზაურთა ასეთი ნაკადი ნიშნავს უფრო გადატვირთულ აეროპორტებს, საცობებს პორტებთან და ხალხმრავლობას საკრუიზო ტერმინალებში. თუმცა, როგორც კი თქვენი კრუიზი დაიწყება, ეს პრობლემები მალევე დაგავიწყდებათ.
ნამდვილი გამოცდა მაშინ იწყება, როდესაც კრუიზი რომელიმე პორტში გაჩერდება. ცნობილ პორტებში შესვლამ ატმოსფერო შეიძლება მყისიერად შეცვალოს: პოპულარული სანაპიროები, რესტორნები და სატრანსპორტო კვანძები მოულოდნელად სხვა მგზავრებით გადაიტვირთება. ნაპირზე გატარებული მშვიდი დღის ნაცვლად, გარემო შეიძლება დაძაბული და აჩქარებული მოგეჩვენოთ.
როგორ ავარიდოთ თავი ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ პორტში ყოფნის დრო? ჩვენ შევისწავლეთ ევროპის ყველაზე პოპულარული საკრუიზო გაჩერებები და გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო მშვიდი და სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღებაში.
ბარსელონა ევროპისა (და მსოფლიოს) ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საკრუიზო პორტია: მოერიდეთ ტურისტულ ეპიცენტრებს
ბარსელონა ერთდროულად დატვირთული საწყისი პორტიც არის და შუალედური გაჩერებაც; აქ საკრუიზო გემების რამდენიმე მისადგომია, რაც ხალხის დიდ ნაკადს იზიდავს. საკრუიზო ტერმინალი ფეხით სავალ მანძილზეა ლა რამბლადან (Las Ramblas), ცენტრალური ზოლიდან, რომელიც ხშირად გადაჭედილია ტურისტებით. იქვეა გოთიკური კვარტალი თავისი ლაბირინთული ქუჩებით, პოპულარული ბოკერიას ბაზარი (Mercat de la Boqueria) და გაუდის ცნობილი შედევრები.
თუ გსურთ ხალხმრავლობას თავი დააღწიოთ, აიღეთ გეზი ზევით. გაჰყევით საბაგირო გზას მონჟუიკის (Montjuic) მთისკენ, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ ოლიმპიური სტადიონი, მუზეუმები, პარკები და ისტორიული ადგილები. ან სულაც ქალაქიდან გადით: გაემართეთ ცენტრიდან მოშორებული სანაპიროებისკენ, რომლებიც ნაკლებად დატვირთულია, ან მონსერატის მონასტრისკენ, საიდანაც საოცარი ხედები იშლება.
რომის ჩივიტავექიაში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე საკრუიზო გემი შევიდეს: ხალხმრავლობისგან თავის დასაღწევად აირჩიეთ ნაკლებად ცნობილი მარშრუტები
რომის საკრუიზო პორტში, ჩივიტავეკიაში, შესაძლოა ერთდროულად რვა საკრუიზო გემი შევიდეს. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, კოლიზეუმი და ტრევის შადრევანი, თითქმის ყოველთვის გადატვირთულია, ზაფხულის პიკის სეზონზე კი ხალხმრავლობა კიდევ უფრო იმატებს.
მოგზაურებს, რომლებიც ალტერნატივას ეძებენ, საქმე მარტივად აქვთ: უბრალოდ გვერდი აუარეთ რომს და ეწვიეთ ჩივიტავეკიადან ხელმისაწვდომ სხვა ადგილებს. სანაპირო ექსკურსიებმა შეიძლება წაგიყვანოთ ტარკინიაში (Tarquinia), რათა ნახოთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ეტრუსკული ნეკროპოლისები; ოსტიაში: ძველი საპორტო ქალაქის დასათვალიერებლად; ტოსკანიაში – სოფლის პეიზაჟებითა და ადგილობრივი დელიკატესებით დასატკბობად, ან ბრაჩიანოს ტბაზე, ნავით მშვიდი გასეირნებისთვის.
ვენეცია ევროპის კიდევ ერთი პოპულარული პორტია: იპოვეთ ქალაქის წყნარი კუთხეები მშვიდი დასვენებისთვის
ადგილობრივები დაგიდასტურებენ, რომ ვენეცია საკრუიზო გემების გადაჭარბებულ ნაკადს მასპინძლობს. ზაფხულის განმავლობაში ვაპეროტოებში (ადგილობრივ წყლის ავტობუსებში) მხოლოდ ფეხზე დასადგომი ადგილია, სან-მარკოს სამრეკლოზე ასასვლელი რიგი კი უსასრულოდ იწელება. რიალტოს ხიდზეც ტურისტების ნამდვილი „კედელია“ აღმართული.
თავისუფლად რომ ამოისუნთქოთ, იქ წადით, სადაც ტურისტები არ არიან. სან-მარკოს ნაცვლად, ესტუმრეთ სან-ჯორჯო მაჯორეს სამრეკლოს, აქედან სან-მარკოს მოედანსა და დოჟის სასახლეზე უკეთესი ხედი იშლება. რიგში დგომაც ნაკლებად მოგიწევთ.
დაიკარგეთ ნაკლებად ცნობილ უბნებში, მაგალითად, კანარეჯოს ძველ ებრაულ გეტოში ან ნავით სხვა კუნძულზე, მაგალითად ბურანოზე გაემგზავრეთ. (არ აგერიოთ მურანოში, რომელიც თავისი ცნობილი შუშის ქარხნების გამო ტურისტებით ბევრად უფრო დატვირთულია).

