მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

საკრუიზო გემის ბორტზე ასვლა

რა ელოდება იმას, ვინც პირველად მიემგზავრება კრუიზში

ყოველთვის ამაღელვებელია ისეთი მომენტები, რომლებიც ცხოვრებაში პირველად ხდება. პირველ ოკეანურ თავგადასავალს დამწყებთათვის შეიძლება თან ახლდეს ნერვიულობა და ერთგვარი შფოთვა, იქნება ეს გაურკვევლობა იმისა, თუ რას უნდა ელოდოს ადამიანი საკრუიზო პორტში მისვლისას, თუ ბორტზე დახვედრა. იმისათვის, რათა უპრობლემოდ იმოგზაუროთ, მოცემულ სტატიაში თავი მოვუყარეთ ნამდვილი ექსპერტებისგან შეგროვებულ ინფორმაციას, რათა თქვენი თავგადასავალი თავდაჯერებულობით სავსემ დაიწყოთ.

რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს

ავიაგადაფრენებთან გარკვეული მსგავსების მიუხედავად, საკრუიზო გემით გადაადგილება ნაკლებად სტრესულია და გაცილებით უფრო მარტივია ჩვეულებრივი მოგზაურისათვის. საკრუიზო ხაზის, ხომალდის ზომისა და მგზავრთა რაოდენობის მიხედვით გემის დაჯდომის პროცესმა შეიძლება 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე გასტანოს. თუკი საპორტო ქალაქში ჩაფრენას აპირებთ, დაგეგმეთ ჩასვლა სულ მცირე ერთი დღით ადრე, რათა დაზღვეული იყოთ რეისის შეფერხების შემთხვევაში, რადგან ამის გამო შეიძლება გემზე მოხვედრა დააგვიანოთ. მრავალი უმაღლესი კლასის კრუიზული ხაზი მოიცავს ტრანსფერს აეროპორტიდან ან სასტუმროდან პირდაპირ ხომალდზე, ეს მომსახურება ბილეთის ღირებულებაში შედის. (ამოსაღებია) აქედან გამომდინარე, ავტომობილის ან ტაქსის ქირაობის აუცილებლობაც ქრება. თუ გემის დაჯდომის ადგილისკენ მანქანით მიემგზავრებით, გარკვეული დრო მარაგის სახით უნდა გქონდეთ გაუთვალისწინებელი შეფერხებების, მაგალითად, საცობის შემთხვევისათვის. ზოგიერთი კრუიზი პორტში საპარკინგე ადგილსაც კი უზრუნველყოფს.

როდის მივიდეთ დანიშნულების ადგილას

მართალია, გემზე ასვლის დრო და პროცედურები განსხვავდება კრუიზული ხომალდის, თქვენი კაიუტის კატეგორიისა ან მოცემულ საკრუიზო ხაზზე თქვენი სტატუსის მიხედვით, თუმცა ეს პროცესი ჩვეულებრივ გვიან დილით იწყება და გრძელდება იქამდე, ვიდრე გამგზავრების დროს ერთი საათი არ დააკლდება. (ამოსაღებია)წინასწარ მოგეცემათ დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა დაიწყოთ გემზე ასვლა, რადგან კრუიზერთა ნაწილი გემის გასვლამდე ხმელეთზე მაქსიმალურად დიდხანს ყოფნას ანიჭებს უპირატესობას, სხვებს კი სურთ, რომ ბორტზე პირველები მოხვდნენ, რათა მოასწრონ ჭამა, ხომალდის დათვალიერება და წინა საკრუიზო ჟრიამულით ტკბობა. თუკი დანიშნულების ადგილას ძალიან ადრე წარსდგებით, შესაძლოა, საკრუიზო ტერმინალში მოგიხდეთ დაყოვნება, ვიდრე თქვენს ჯგუფს გემზე ასვლის ნებართვას არ მისცემენ. მიუხედავად იმისა, რომ საკრუიზო ტერმინალების უმრავლესობა კომფორტული პირობების სიმრავლით ვერ გამოირჩევა, სჯობს ადრიანადვე მიხვიდეთ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. თუკი იქ რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდებით, რამდენიმე წუთიანი დაგვიანების შემთხვევაშიც კი, დიდია ალბათობა იმისა, რომ საერთოდ ვერ მოახერხებთ გემის ბორტზე მოხვედრას.

რა უნდა წაიღოთ თან

იმისათვის, რათა პირველმა კრუიზმა ნაკლებად სტრესული გამოცდილება დაგიტოვოთ, სჯობს სახლიდან გამოსვლამდე ორჯერ გადაამოწმოთ, მიგაქვთ თუ არა ის აუცილებელი ნივთები, რომელთა გარეშეც ბორტზე არ აგიშვებენ. საკრუიზო ხაზის, რეისის ტიპისა და დანიშნულების პუნქტებისდა მიხედვით, შეიძლება დაგჭირდეთ სხვა დოკუმენტებიც – ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კონსულტანტები მოგაწოდებენ, თუმცა, იმ ძირითად საბუთთა სია, რომლებიც ჩვეულებრივ სჭირდებათ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან კრუიზში, მოიცავს:

  • გემზე ასვლის დოკუმენტებს, რომელთაც წინასწარ გამოგიზავნიან ფოსტით.
  • თქვენი ბარგის იალიყებს. ჩვეულებრივ მათ აქვთ ფერადი კოდირება და ისინი შეესაბამება თქვენს კაიუტას.
  • პასპორტი და/ან მართვის მოწმობა, გააჩნია კონკრეტულ კრუიზს.
  • საკრედიტო ბარათი ან ნაღდი ფული. დაიმახსოვრეთ, რომ საკრუიზო ხომალდის ბორტზე „ქეშით“ ვერაფერს შეიძენთ. იქ მხოლოდ საკრედიტო ბარათით გადახდის სისტემა მოქმედებს.
  • გემზე ჩექინის შემდგომ თქვენ გადმოგეცემათ თქვენი კაიუტის გასაღები, რომელიც ასევე არის თქვენი ID და საფულე გემზე ყოფნისას. გემის ბარათზე შეგიძლიათ დეპოზიტი დადოთ ნაღდი ფულით რეცეფციაში და ეს გახარჯოთ ან უბრალოდ მიაბათ გემის ბარათი თქვენს საბანკო ბარათს და ავტომატურად იქიდან შეძლებთ გადახდას.

ბარგი და უსაფრთხოება

როცა საკრუიზო ტერმინალში მიხვალთ, იქ ბარგის მზიდავები დაგხვდებიან. ისინი მონიშნავენ თქვენს ჩემოდნებს, თუკი ეს მანამდე თავად არ გაგიკეთებიათ. საკრუიზო ხაზების უმრავლესობა გთავაზობთ ბარგის იარლიყებს საბუთებთან ერთად. შემოწმების შემდეგ მზიდავები თქვენს ჩანთებს ბორტზე წაიღებენ, საკრუიზო ხაზი კი მათ უშუალოდ თქვენს კაიუტაში მიიტანს იმავე დღეს, ოღონდ, ცოტათი მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ხნით თქვენს ბარგთან არ გექნებათ წვდომა, სჯობს პატარა ხელჩანთაში წინასწარ მოიმარაგოთ ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც შეიძლება პირველ დღეს დაგჭირდეთ, მაგალითად: წამლები, საცურაო კოსტუმი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, საბუთები. ზუსტად ისევე, როგორც აეროპორტში, თქვენ და თქვენს ბარგს დაასკანერებენ და გაგატარებენ უსაფრთხოების კონტროლის პუნქტში, თუმცა ეს პროცესი არ გამოირჩევა სიმკაცრით. შემდგომი დათვალიერება ჩვეულებრივ არაა საჭირო, იმ შემთხვევის გარდა, თუკი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკრძალულ ნივთს აღმოგიჩენენ. უნდა აღინიშნოს, რომ აეროპორტისგან განსხვავებით, არ მოგიწევთ ფეხსაცმლის გახდა. ასევე საკრუიზო ტერმინალში არ მოქმედებს ’’3-1-1’’-ის წესი, რომლის მიხედვითაც, სითხე არ უნდა იწონიდეს სამ უნციაზე (1 უნცია 28,6 გ-ის ტოლია) მეტს და ჭურჭელი უნდა ეტეოდეს გამჭვირვალე პაკეტში. არსებობს უამრავი აკრძალული საგანი, რომელთა ბორტზე ატანა დაუშვებელია (იარაღი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, მარტივად აალებადი საგნები). იმისათვის, რათა შეუფერხებლად გაიაროთ შემოწმება, სჯობს მოერიდოთ ისეთი ნივთების წაღებას, როგორებიცაა: მაკრატელი, წიწაკის სპრეი ან ისეთი რაღაც, რამაც შეიძლება ხანძარი გააჩინოს (სანთებელას გარდა).

გემზე ასვლა

ბარგის ჩაბარებისა და უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ მოგიწევთ ფორმის შევსება, სადაც მიეთითება, ავადმყოფობდა თუ არა ვინმე თქვენი გარემოცვიდან უკანასკნელ ხანს. მიკრობთა გავრცელების არ დაშვება წარმოადგენს პირველხარისხოვან ამოცანას ყოველი საკრუიზო გემის ბორტზე. ცხადია, სახლში არავინ გაგიშვებთ, თუკი დაახველებთ ან დააცემინებთ რეგისტრაციის რიგში დგომისას, თუმცა საკრუიზო ხაზები სხთოვენ მგზავრებს ანკეტის შეკითხვებზე პასუხის გაცემას, სადაც გეკითხებიან, ავადმყოფობდით ან აღგენიშნებოდათ თუ არა სნეულების სიმპტომები უკანასკნელი კვირის განმავლობაში.

საერთოდ არ გირჩევთ კრუიზში გამგზავრებას, თუკი რაიმე სერიოზული ან გადამდები დაავადება გაწუხებთ და აღგენიშნებათ გულისრევა, ღებინება, დიარეა. გარდა იმისა, რომ ბორტზე თავს კიდევ უფრო უარესად იგრძნობთ და სხვა მგზავრებსაც დაასნებოვნებთ, შეიძლება გემზე ასვლის უფლება არც კი მოგცენ. რეგისტრაციისა და პირველი საკონტროლო პუნქტის გავლის შემდგომ უსაფრთხოების მიზნით ფოტოს გადაგიღებენ და გადმოგცემენ საკრუიზო ბარათს, რომელიც ხომალდზე ყოფნის განმავლობაში თქვენი იდენტიფიკატორის, ნომრის გასაღების და საფულის ფუნქციას შეასრულებს.ამის შემდგომ ახვალთ გემზე. გზად ფოტოგრაფები შეგხვდებიან, რომლებიც ფოტოსესიისათვის პოზირებას შემოგთავაზებენ, ფოტოების შეძენას ბორტზე მოგვიანებთ შეძლებთ. გირჩევთ, რომ ფირზე აღბეჭდოთ თქვენს პირველ კრუიზთან დაკავშირებული მხიარული მოგონება! ამის შემდეგ აჰყევით ხიდურად წოდებულ შემაღლებას და პირდაპირ ხომალდზე აღმოჩნდებით.გემის უსაფრთხოების თანამშრომელი დაგარეგისტრირებთ თქვენთვის ახლახანს გადმოცემული საკრუიზო ბარათის საშუალებით. როცა ხომალდზე შეაბიჯებთ, როგორც წესი, დაგხვდებათ მომღიმარი პერსონალი, ცოცხალი მუსიკა, შამპანური, კოქტეილები, გემრიელობები და სხვა გასართობები.ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი პირველი საკრუიზო გამოცდილება ოფიციალურად დაწყებულია! დადგა დრო, რომ დატკბეთ მიღების ზეიმით, დაათვალიეროთ ხომალდი ან წახვიდეთ საკუთარ კაიუტაში.