განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზებს შორის
ხმელთაშუა ზღვის კრისტალივით ლურჯი წყალი საკრუიზო მოგზაურობისთვის მიმზიდველ პირობას ქმნის. მაგრამ, ხმელთაშუა ზღვაში უამრავი პორტია, როგორ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის ყველაზე სწორი მარშრუტი, რომელი უფრო მოგვეწონება, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ კრუიზები? მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის განსხვავებები არსებობს, არცერთი დაგწყვეტთ გულს. ორივე მათგანი მოიცავს იუნესკოს კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს და მშვენიერ პორტებს, გამორჩეულ სამზარეულოს, შოპინგის შესაძლებლობას და სანაპიროებს.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზების შედარება
ზოგადად, იტალია ამ ორ მხარეს შორის ერთგვარი საზღვარია. სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ხშირ შემთხვევაში ჩასხდომა ან კრუიზის დასრულება. როგორც წესი, რომი დასავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზებს უდებს სათავეს, ხოლო ვენეცია აღმოსავლეთს. დასავლეთ ხმელთაშუაზღვის საკრუიზო მარშრუტები მოიცავენ ქალაქებს და კუნძულებს ესპანეთში, მონაკოში და საფრანგეთში. ასევე, პორტუგალიაში და კანარის კუნძულებზე. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო მარშრუტები კი ხორვატიას, იტალიას, საბერძნეთს, თურქეთს, მალტას, მონტენეგროს და ალბანეთს.
მსგავსებები
ხელოვნების მოყვარულებისთვის ორივე მიმართულება სამოთხე იქნება, რადგანაც ისინი ფანტასტიკურ მუზეუმებს მოიცავენ. დასავლეთის პორტებია: ბარსელონა, ნიცა, ფლორენცია და რომი, ხოლო აღმოსავლეთის ათენი და სტამბოლი. გურმანებიც ორივე მიმართულებით ისიამოვნებენ, დასავლეთით დააგემოვნებენ ესპანურ კერძებს და პროვანსულ ღვინოებს წყლისპირა კაფეებში. ხოლო აღმოსავლეთით ხორვატიის, საბერძნეთის და თურქეთის უგემრიელეს კერძებს და სასმელს. იტალიურ სამზარეულოს აღარც კი ვახსენებთ. შოპინგის მსურველები ორივე მიმართულებით შეიძენენ ტყავის ნივთებს თუ ხელოვნების აქსესუარებს სხვადასხვა ბაზრობებზე. ორივე მიმართულება მოიცავს ისტორიულად მნიშვნელოვან კუნძულებს: კორსიკას, სარდინიას, მალტას და კრეტას.
განსსხვავებები
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმართულება გამოირჩევა კულტურით, აღმოსავლეთი უფრო არქეოლოგიური და ანტიკური სამყაროთია მდიდარი რადგანაც გზად თურქეთს და საბერძნეთს მოინახულებთ. სანაპიროებიც განსხვავებულია. როგორც წესი, დასავლეთით ქვიანი და კენჭებიანი ნაპირებია, ამინდი ხშირად იცვლება. ხოლო აღმოსავლეთით კი მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროებია თავმოყრილი, ამინდი სტაბილურად ცხელია და ყველგან ქვიშაა. ქალაქები დასავლეთით უფრო მოდერნიზებულია ვიდრე აღმოსავლეთით. თუ ბერძნული მითოლოგია, ანტიკური სამყარო, ქვიშა და მზე გსურთ, აღმოსავლეთ კრუიზი შეარჩიეთ, ხოლო თუ უფრო საკვებს, ღვინოს და ხელოვნებას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ დასავლეთი.

