საუკეთესო საკრუიზო მიმართულებები ზამთარში
თუ ზამთრის ცივი და ბნელი დღეებისგან თავის დაღწევაზე ოცნებობთ, კრუიზი საუკეთესო გამოსავალია. გაცვალეთ ყინვა და სიცივე მზიან გემბანებზე, ღია ცის ქვეშ გართობასა და ისეთ თბილ მიმართულებებზე, როგორებიცაა კარიბები და კანარის კუნძულები.
გსურთ რომ ზამთარში ზაფხულში მოიწყოთ? უამრავი საკრუიზო მიმართულება სწორედ ზამთრის თვეებშია ყველაზე მიმზიდველი. გთავაზობთ ექვს საუკეთესო საზამთრო საკრუიზო მიმართულებას:
-
კარიბები და ბაჰამები: მზის, ზღვისა და ქვიშის უტყუარი საზამთრო არჩევანი
რატომ ღირს წასვლა: დიდებული მზის, ბროლივით კაშკაშა წყლისა და თეთრი პლაჟების გამო. რუხი, ცივი დღეების სერია დამღლელია, კარიბებსა და ბაჰამებზე კრუიზი კი ამის საუკეთესო წამალია. დაივიწყეთ თოვლი და ჭყაპი, სანამ ფერად თევზებთან ერთად ყვინთავთ ან მზით განათებულ ქვიშის დიუნებზე 4X4 ავტომობილს მართავთ.
ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხანგრძლივობის უამრავი მარშრუტი, ასე რომ შეგიძლიათ იმდენი დღე აირჩიოთ, რამდენიც გნებავთ. გემები გადიან როგორც ნიუ-იორკიდან, ისე აღმოსავლეთ სანაპიროს, ფლორიდისა და მექსიკის ყურის პორტებიდან.
როდის ეწვიოთ: ზამთრისგან თავის დაღწევისთვის, ცივ სეზონზე ნებისმიერი დრო იდეალურია ბაჰამებსა თუ კარიბებში საინტერესო კრუიზისთვის. მთელი სეზონის განმავლობაში გელით მზიანი ამინდები და თბილი ტემპერატურა.
თუმცა, ვინაიდან ზამთარი ამ მიმართულებებისთვის პიკის სეზონია, ფასებიც შედარებით მაღალია. შედარებით მისაღები ფასების გამოჭერა უშუალოდ ახალი წლის შემდეგაა შესაძლებელი, როცა ხალხი სამუშაო რიტმს უბრუნდება.
2. გალაპაგოსი: მშვიდი ზღვა, წყალქვეშა ხილვადობა და საოცარი ბუნება
რატომ ღირს წასვლა: გალაპაგოსზე საკრუიზო სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, თუ სახლში არსებულ ყინვებს ემალებით, რატომ არ უნდა აისრულოთ ეს ოცნება სწორედ ახლა? ზამთარი (რომელიც გალაპაგოსზე სინამდვილეში ზაფხულია) საუკეთესო პერიოდია მშვიდი ზღვისა და წყალქვეშა საოცარი ხილვადობის გამო, რაც სნორკელინგს დაუვიწყარს ხდის.
დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით კუს, ხმელეთის გიგანტური კუსა და ზღვის ლომების შეწყვილების სეზონია, რაც ველურ ბუნებაზე დაკვირვების უამრავ შესაძლებლობას იძლევა. არჩევანიც დიდია: მცირე, 16-ადგილიანი იახტებიდან დაწყებული, 100-ადგილიანი ლაინერით (Celebrity Flora) დამთავრებული.
როდის ეწვიოთ: თვის არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ბიუჯეტი გაქვთ და ველური ბუნების რომელი სანახაობის მოწმე გსურთ გახდეთ. დეკემბრის ბოლოდან იანვრამდე პიკის სეზონია, შესაბამისად, ფასებიც მაღალია და ხალხმრავლობაც. შედარებით ეკონომიური ვარიანტისთვის უმჯობესია კრუიზი თებერვალში ან მარტში დაგეგმოთ. დეკემბრის ბოლოსა და იანვარში მწვანე კუები კვერცხებს დებენ; თებერვლიდან აპრილამდე ფრინველების, ზღვის ლომებისა და კუების გამრავლების პერიოდია, ხოლო მარტში პატარა მწვანე კუები და გიგანტური კუები კვერცხებიდან ჩეკვას იწყებენ.
3. კანარის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვა: ნაკლები ხალხმრავლობა და შთამბეჭდავი სანახაობები
რატომ ღირს წასვლა: ევროპაში დაბალი ფასებისა და მშვიდი გარემოსთვის ზამთარს არაფერი სჯობს. მცირე გამონაკლისების გარდა, საზამთრო ევროპული კრუიზები ძირითადად ხმელთაშუა ზღვაში დადიან, სადაც შეძლებთ მოინახულოთ რომი, ვენეცია, ბარსელონა და სხვა კულტურული ცენტრები: მთავარ ღირსშესანიშნაობებთან გრძელი რიგების გარეშე. თუმცა ამ სეზონზე ხმელთაშუა ზღვის აუზში ცხელი ამინდები არ არის, ტემპერატურა საკმაოდ რბილი და კომფორტულია.
რაც შეეხება კანარის კუნძულებს: ეს ესპანეთის არქიპელაგი აფრიკის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და საუკეთესო ადგილია საზამთრო მზით დატკბობისთვის. ისეთი კომპანიები, როგორიცაა MSC Cruises, აქ რეგულარულ საზამთრო რეისებს ახორციელებენ.
როდის ეწვიოთ: ხმელთაშუა ზღვაში ბიუჯეტური და მშვიდი დასვენებისთვის ზამთრის ნებისმიერი თვე იდეალურია. კანარის კუნძულების მიმართულებითაც კრუიზები მთელი ზამთრის განმავლობაში დადიან. გარდა ამისა, ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პოპულარულია მდინარის საახალწლო კრუიზები, რომლებიც მოგზაურებს გერმანიისა და საფრანგეთის ტრადიციულ საშობაო ბაზრობებზე ეპატიჟება.
4. ავსტრალია და ახალი ზელანდია: სანახაობების, სამზარეულოსა და მზის უდავო ლიდერები
რატომ ღირს წასვლა: სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზაფხულია. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზოგიერთ ნაწილში (კერძოდ, ავსტრალიის ცენტრსა და ჩრდილოეთში) შესაძლოა ზედმეტად ცხელოდეს, ორივე ქვეყანაში ტურისტული პიკის სეზონია. ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ქალაქებსა და ავსტრალიის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სანაპიროებზე წლის განმავლობაში საუკეთესო ამინდები დგება.
გსურთ ახალი ზელანდიის მთებისა და ფიორდების განსაცვიფრებელი ბუნების დათვალიერება თუ ავსტრალიის ისეთი მეგაპოლისების კულტურით დატკბობა, როგორებიცაა სიდნეი და მელბურნი? ნაპირზე შესვენებისას სანახაობებისა და აქტივობების ნაკლებობას ნამდვილად არ იგრძნობთ.
როდის ეწვიოთ: მას შემდეგ, რაც ოქტომბერში საკრუიზო სეზონი იხსნება, მოგზაურობისთვის ნებისმიერი დრო იდეალურია. ყველაზე თბილი ამინდები დეკემბრიდან მარტამდეა. დეკემბრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე ტემპერატურა 23°C-დან 32°C-ზე მაღლაც კი იწევს ისეთ ადგილებში, როგორებიცაა დარვინი და კერნსი (თუმცა, ვინაიდან კერნსში მთავარი ატრაქციონი დიდ ბარიერულ რიფზე სნორკელინგია, სიცხე ხელს სულაც არ შეგიშლით). თუ კრუიზის შემდეგ დარჩენას გეგმავთ, უმჯობესია მოგზაურობა თებერვლის ბოლოს ან მარტში დაამთავროთ, როდესაც სასტუმროების ფასები შედარებით იკლებს.
5. ეგვიპტე და ნილოსი: საოცნებო მარშრუტი, რომელსაც ზამთარში უნდა ეწვიოთ
რატომ ღირს წასვლა: ზოგიერთი საკრუიზო მიმართულება ზაფხულში ზედმეტად ცხელია მოგზაურობისთვის. ეგვიპტე სწორედ ასეთი რეგიონია, სადაც ზაფხულის პიკზე ტემპერატურა ხშირად 38°C-ს აჭარბებს. ვინაიდან ეგვიპტეში სანახავი უამრავი რამ არის: ძირითადად ნილოსის გასწვრივ, ლუქსორიდან ასუანამდე, კაიროდან ლუქსორში შიდა ფრენებით, ზამთარი საუკეთესო დროა გიზის დიდი პირამიდების, მეფეთა ველისა და ასუანის კაშხლის დასათვალიერებლად.
ნილოსზე საკრუიზო სეზონს უამრავი წამყვანი კომპანია უერთდება; მათ შორის არის Viking River Cruises თავისი ახალი, 82-ადგილიანი გემით Viking Thoth, და ლუქს-კლასის Uniworld-ი ორი ლაინერით: S.S. Sphinx და River Tosca.
როდის ეწვიოთ: ზამთარში დღის საშუალო ტემპერატურა 25°C-დან 29°C-მდე მერყეობს, რაც ამ სეზონს ეგვიპტის ნილოსით მოსავლელად საუკეთესო პერიოდად აქცევს. მოგზაურები არა მხოლოდ მშობლიურ სიცივეს აღწევენ თავს, არამედ კრუიზის წყალობით თავიდან იცილებენ პიკის სეზონზე სასტუმროების მაღალ ფასებსა და ადგილების დეფიციტს.
6. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია: მდიდარი კულტურა, ტროპიკული პლაჟები და გამორჩეული სამზარეულო
რატომ ღირს წასვლა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (რომელიც მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდონეზია, სინგაპური, კამბოჯა, ტაილანდი და ვიეტნამი) ზაფხულში შესაძლოა ზედმეტად ცხელოდეს, მაღალი ტენიანობა იყოს და მოგზაურობა არაკომფორტული გახდეს. საკრუიზო კომპანიებმა ეს კარგად უწყიან და ამ რეგიონში რეისების უმეტესობას გვიან შემოდგომასა და ზამთრის თვეებში გეგმავენ. ზამთრის განმავლობაში რეგიონში როგორც საზღვაო, ისე მდინარის კრუიზები მოქმედებს; მაგალითად, ისეთი საზღვაო გიგანტი, როგორიცაა Royal Caribbean-ი, მალაიზიას, ტაილანდსა და სინგაპურს სტუმრობს, ხოლო მდინარის კრუიზები ვიეტნამში, მდინარე მეკონგის გასწვრივ დაცურავენ.
როდის ეწვიოთ: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამგზავრებისთვის თვის არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კრუიზი გსურთ. ვიეტნამისა და კამბოჯის მიმართულებები დეკემბერში იხსნება და მარტის ჩათვლით გრძელდება, ხოლო ზოგიერთი ლაინერი რეგიონში უფრო ხანგრძლივ სეზონს ატარებს: ოქტომბრიდან აპრილამდე.

